პროგრამა
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულების ირგვლივ იქნება ორგანიზებული:
- სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
- პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
- მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
- კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
- ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.
თემატური მიმართულებების ქვეშ სესიები შემდეგ თემებად დაკონკრეტდება:
- 1:1 ელ-სწავლების სტრატეგია და იმპლემენტაცია
- შეფასება ტექნოლოგიების გამოყენებით
- გამოთვლები ღრუბლებში (cloud computing)
- ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები
- დიფერენცირებული სწავლება
- ციფრული ერის შესაბამისი სკოლის დიზაინი/დაგეგმარება
- დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება
- საგანმანათლებლო პოლიტიკა და ხედვა
- თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიებში
- თამაშები და სიმულაციები
- ინოვაციური სასწავლო გარემო
- სწავლების დიზაინი და მიწოდების ფორმები
- წიგნიერება ციფრულ ერაში
- მობილურით სწავლება
- ღია კოდის საგანმანათლებლო რესურსები
- ინდივიდუალიზებული სწავლება
- პროფესიული განვითარება
- პროგრამირება და რობოტები
- სტანდარტები
- მულტიმედია რესურსები
კონფერენციის აქტივობები მრავალფეროვანი ფორმატით იქნება ორგანიზებული:
- მოწვეული ექსპერტების პლენარული მოხსენებები - კონფერენციის ყველა მონაწილე ერთ სივრცეში მოიყრის თავს საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოსასმენად, რომლებიც აუდიტორიას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და შინაარს გაუზიარებენ.
- პარალელური სესიები - 45 წუთიანი სესიები პარალულურ რეჟიმში ჩატარდება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემა ან მომხსენებელი და ჩაერთონ ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, სტრატეგიების თუ ინოვაციური იდეების განხილვა/გაზიარებაში.
- პოსტერების სესია - პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში. პოსტერის ავტორი სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესიაზე ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება.
- ტექნოლოგიების სესია „მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა“ – ამ ტიპის სესიები პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებთან. მონაწილეები პირადი სმარტფონით, პლანშეტური კომპიუტერითა და ლებტოპებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სესიაში და ადგილზე პრაქტიკულად შეასრულონ დავალებები.
- ტექნოლოგიების გამოფენა - 20 ნოემბერს, სესიების შემდეგ გამოფენა იქნება ორგანიზებული იმ კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს ან საგანმანათლებლო სეგმენტისთვის პროდუქციას ქმნის. კომპანიები, ერთი მხრივ წარმოადგენენ შესაძლებლობებს, რასაც ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, მეორე მხრივ კი ისინი მიიღებენ უკუკავშირს სკოლის საჭიროებების შესახებ. გამოფენაზე ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები დაინტერესებული პირებისთვის კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.